GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

29 მარტი, 202516:28

უკვე არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირებიც  მიუთითებენ იმ პრაქტიკაზე, რომლის ფარგლებშიც პირადი ჩხრეკის / დათვალიერების (შემოწმების) მიზნის სახელით ხდება დაკავებულის იძულებითი და სრულად გაშიშვლება. საიასთვის ეს ინფორმაცია ცნობილია, არა მხოლოდ, საჯარო წყაროებიდან, არამედ, სასამართლო მონიტორინგის ფარგლებშიც.


პირადი ჩხრეკის მიზნით გაშიშვლებას და სრულად გაშიშვლებას ადამიანის უფლებათა სამართალში მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები აქვს, ვინაიდან განსაკუთრებით ვიწროა ზღვარი ამ ქმედებასა და საერთაშორისო სამართლის Jus Cogens ნორმად აღიარებულ წამების აკრძალვის დარღვევას შორის.


გაშიშვლების იძულებითი და დამამცირებელი ფორმით განხორციელება შეიძლება იქცეს დამორჩილების, დასჯის ან სირცხვილის განცდის გამოწვევის ინსტრუმენტად, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის თანდაყოლილ ღირსების უფლებას. როდესაც ასეთი ქმედება ხორციელდება კანონიერი საფუძვლის გარეშე, დამამცირებელ გარემოებებში და არაადეკვატური მეთოდებით, იგი შეიძლება შეფასდეს როგორც არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა, ხოლო რიგ შემთხვევებში – როგორც წამება.


აღსანიშნავია, რომ წამების აკრძალვა საერთაშორისო სამართალში მიეკუთვნება jus cogens ნორმებს – ანუ ისეთ უზენაეს, საყოველთაოდ და უპირობოდ სავალდებულო სტანდარტებს, რომელთა დარღვევა არასდროსაა დასაშვები, მათ შორის, არც საგანგებო მდგომარეობის, არც ომის ან არც ერთი სახელმწიფო ინტერესის სახელით. Jus cogens ნორმების წინააღმდეგ მიმართული ქმედება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ და დაუშვებელ დარღვევას.


ამ კონტექსტში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) პოზიციას, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს, რომ გაშიშვლებით პირადი ჩხრეკა დაუშვებელია ავტომატური ან განუსაზღვრელი პრაქტიკის სახით. CPT-ის მიხედვით, ასეთი ჩხრეკა უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალური რისკის შეფასებას, დაექვემდებაროს მკაცრ ზედამხედველობასა და წინასწარ დადგენილ სტანდარტებს. ყველა ღონისძიება უნდა ისახავდეს მიზნად უხერხულობის შემცირებას.


კერძოდ, თუ არსებობს პირადი ჩხრეკის გაშიშვლების ფორმით ჩატარების აუცილებლობა, დაკავებულს მაშინაც კი არ უნდა მოეთხოვოს ერთდროულად ყველა ტანსაცმლის გახდა, პირიქით, უნდა მიეცეს საშუალება, ჯერ ტანის ზემოთ გაიხადოს, ჩაიცვას და მხოლოდ ამის შემდეგ გაიხადოს დარჩენილი ტანსაცმელი. ასევე, დაუშვებელია დაკავებულის გაშიშვლება სხვა ადამიანების თანდასწრებით ან ჯგუფურად, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დამამცირებელ ზემოქმედებას.


საია კიდევ ერთხელ მკაცრად გმობს ამგვარ პრაქტიკას და მოუწოდებს სამართალდამცავ სისტემაში მოქმედ ყველა პირს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც შესაძლოა უტოლდებოდეს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის უხეშ დარღვევას.


აქვე, აღვნიშნავთ, რომ წლების განმავლობაში გაშიშვლების ადამიანის ღირსებასთან შეუთავსებელ პრაქტიკას მოწმობდა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები, და მოვუწოდებთ მას, შეისწავლოს ამგვარი შემთხვევები და იქონიოს სწრაფი და ჯეროვანი რეაგირება.


სხვა სიახლეები